ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა?-პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ-ღუდუშაური

პარტნიორები, მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაური იმედოვნებს, რომ აშშ-ის ელჩი ყველაფერს გააკეთებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადასატვირთად.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი, პარტნიორი. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, ვის მიუვიდა მსგავსი შეტყობინება, რომ ვისაც ვიზა არ აქვს, მას ვერ მიიღებსო. სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული. საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს, ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ ვითარების შეფასება რეალურად მოხდეს. ელჩმა თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით არ ესაუბრებოდნენ და ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ არ უნდა იყოს სივრცე იმასა, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით, შეზღუდვებით ვესაუბროთ.
ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? მათ შორის, ამერიკაში, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, განსხვავებით ბევრი ვაიოპოზიციონერისგან, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტავ მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. სხვათა შორის, 26 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
სანქციებზე ბევრი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე გასულ კვირაში ნიუ იორკში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში შშმ პირთა საკითხებზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, რომლებზეც საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და მხოლოდ პროგრესი იყო ნახსენები.
„სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე გასულ კვირაში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, მათ შორის, ნიუ იორკში, გაერო-ში და არა მხოლოდ გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველთან შშმ პირების საერთაშორისო უფლებების საკითხებში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, ვინც შშმ პირების პროგრამების მიმართულებით კანონის უზენაესობაზე მუშაობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ასევე, იყო მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც აშშ-ში ზუსტად შშმ პირთა უფლებების და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან მეგობრული შეხვედრები გვქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებსა და პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვის ვიზა არ ექნება, ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი. არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება, ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ, უნდა გავუშვათ სახლებში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის დახმარების ხელს უწვდიდა ჩვენს სახელმწიფოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმის ცვლილებისთანავე გაცილებით უფრო გააღრმავებს ურთიერთობას საქართველოსთან. გაღრმავებაში ვგულისხმობ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, თავისუფალ ვაჭრობას, თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, უვიზო მიმოსვლას, უსაფრთხოების საკითხებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მჭიდრო და ღრმა სტრატეგიული ურთიერთობები შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.
„ეს რეჟიმი ძირს უთხრის ამ ურთიერთობებს, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით დემოკრატიულ ფასეულობებს, ინსტიტუციებს, რომლებიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო ვექტორის პრიორიტეტებს, როგორიც არის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვინ იმოგზაურებს, ვის ვიზა ექნება, ვინ ჩავა, ვინ ვერ ჩავა, ეს ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. აქედან გამომდინარე, სულ ოთხი თვე რჩება არჩევნებამდე, ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ, უნდა გავუშვათ სახლებში, მათ უნდა დაასრულონ ძალაუფლებაში ყოფნა. საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, განვითარების, დემოკრატიის გაღრმავების კუთხით, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო ორიენტირების, ხალხის მიერ უკვე არჩეული – დასავლური ინტეგრაციის დაბრუნება ჩვენს დღის წესრიგში. მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, ასიათასობით ადამიანის პროტესტისა, „ოცნებამ“ მაინც მიიღო კანონი, რომელიც გვაშორებს ხალხის ურყევ ნებას – დასავლეთს და ეს სანქციები აშშ-ის მხრიდან არის მიზეზშედეგობრივი, ტყუილად არავის არაფერი დაუწესებია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ მიუვიდა, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სანქციებს შეეხებოდა.
როგორც კუპრაძე აღნიშნავს, სანქციების მომდევნო ტალღებიც იქნება.
„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაანონსებულია, რომ სანქციების მომდევნო ტალღები იქნება, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში გადაიზრდება, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც „ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია“, – განაცხადა კუპრაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.