მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად უცხოელი დიპლომატებიც ეხმაურებიან

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს მისი მორიგი ვიზიტი იყო.

“პირველ რიგში, მე მინდა ავღნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი”, – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ “კოვიდპასორტი” და უარყოფითი PSR ტესტი და ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის დაცვით.

ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს სამოქალაქო მოძრაობის “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და აცხადებს, რომ საქართველოში არ უნდა შემოუშვან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსი ვერ იქნება.

“ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს კონკრეტულად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი საქართველოსი არ იქნება, არ უნდა შემოუშვან საქართველოში და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს. თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებიდან მიიღებენ ამ პასუხს. – აცხადებს ხოშტარია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პარტია გირჩის ერთ-ერთ ლიდერს ვახო მეგრელიშვილს.

„პროტესტს ხომ აქვს თავისი ხარისხი? ნუთუ, ახლა პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? ჩვენ ამაზე დიდი გასაპროტესტებელი როგორ არა გვაქვს, როგორც პოზნერის საღამოს ვახშამი? ზურაბ ჯაფარიძესთან რომ მიდიოდა პოლიცია და კეტავდა ბარს, აქაც ხომ იგივე სიტუაციაა? მე არ მომწონს ეს რაც ხდება, არ მომწონს ბევრი მიზეზის გამო, არ მომწონს იმიტომ, რომ ადამიანი ჩამოვიდა და მივუვარდით. იქ ყველანი არიან ანგაჟირებული ადამიანები-განაცხადა მეგრელიშვილმა

რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაციც. მან Twitter- ზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის პოსტი გააზიარა და დაწერა:
“ვეთანხმები იან კელის. ეს პოლიტიკური კრიზისის კოცონზე ნავთის დასხმაა”

შეგახსენებთ, რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო, წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PSR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button