მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დაამტკიცა რუსეთის განახლებული საზღვაო დოქტრინა. ამ დოქტრინაში განსაზღვრულია ქვეყნის სანაპირო საზღვრები, ნატო და აშშ მოხსენიებულია რუსეთისთვის მთავარ საფრთხეებად.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიო ოკეანეში აშშ-ის დომინირებაა.
დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან ურთიერთობებში ფუნდამენტური ფაქტორი გახდება ის, რომ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოება დაუშვებელია.

55-გვერდიან დოკუმენტს, კრემლის ლიდერმა ხელი საზღვაო ძალების დღეს მოაწერა ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფონზე სანკტ-პეტერბურგში, და ბრძანება დაუყოვნებლივ შედის მოქმედებაში.
მასში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფართო სტრატეგიული მიზნებია ასახული, მათ შორის ოფიციალური მოსკოვის „დიდი საზღვაო ძალის“ ამბიცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე „მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკაა“, ისევე როგორც, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ალიანსის ახლო მოძრაობა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიყენოს, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოწურული იქნება.

გარდა ამისა, დოქტრინაში ხაზგასმულია, რომ დღევანდელი რუსეთი ძლიერი ფლოტის გარეშე ვერ იარსებებს და მოსკოვი მსოფლიო ოკეანეებში თავის ინტერესებს მტკიცედ დაიცავს.

დოქტრინაში მთავარ საფრთხეებად ჩამოთვლილია ნატოს მოქმედებები და პოტენციური გაფართოება, ავტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის აქვს ზღვებზე დომინაციის სურვილი, დოკუმენტში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ რამდენიმე სახელმწიფოს პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან, დოქტრინაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი გეგმავს გააღრმავოს არქტიკის შესწავლა და მინერალების მოპოვება. დოკუმენტში განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის ბოლო დროის ძალისხმევას განავითაროს 5,600 კილომეტრის სიგრძის ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი, არქტიკის სანაპიროს გასწვრივ.

რუსი სამთავრობო მედია ТАСС დოქტრინაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიუღებლობა იქნება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია „ურთიერთობის განვითარება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმდებარე ზღვებითა და საზღვაო სივრცეებით, მათ შორის ხმელთაშუა და წითელი ზღვებით”.
რუსული პრესის მიხედვით, ახალი დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთის საქმიანობის გააქტიურებას სვალბარდის არქიპელაგში, ფრანც იოზეფის მიწაზე, ნოვაია ზემლიასა და ვრანგელის კუნძულზე.

ახალი დოკუმენტით, 2015 წლის ივნისში დამტკიცებული საზღვაო დოქტრინა ბათილად არის აღიარებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button