მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა ვერხოვნა რადას

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა – ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებზე აწარმოოს.

როგორც უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება მსოფლიოში უახლოეს ათწლეულებში. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “კრიმინალთა კოალიცია” უკვე მოიცავს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც მისივე ინფორმაციით, უკვე გაგზავნა თავისი სამხედროები უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად. ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში, ხოლო ჩინეთი პუტინის შეწყალებაში.

ზელენსკიმ გეგმის ხუთი პუნქტი დაასახელა:

პირველი – უკრაინის ნატოში ომის დასრულებამდე მიწვევაა.

მეორე – სამხედრო ოპერაციები. ზელენსკის თქმით, აუცილებელია “ომი რუსეთს დაუბრუნდეს”, რამაც, მისი აზრით, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელება რუსეთის რიგ ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღზე და უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები.

მესამე – სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განლაგებას, რამაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა აიძულოს რუსეთი დაიწყოს მოლაპარაკება.

მეოთხე – უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების – კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას.

მეხუთე – უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად, კერძოდ, ევროპაში სამხედრო ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით შეცვლა.

ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება; როგორც ის აღნიშნავს, დასავლელი მოკავშირეები გეგმის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ.
ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელება დამოკიდებულია არა რუსეთზე, არამედ კიევის უცხოელ პარტნიორებზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აიძულებენ რუსეთს, დათანხმდეს მშვიდობას, ზელენსკის თქმით, ომი „პუტინის სურვილის მიუხედავად“ დასრულდება არაუგვიანეს მომავალი წლისა.

დეპუტატები პრეზიდენტის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები“ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული. ამასთან, მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის მხრიდან ტერიტორიული და სხვა დათმობების პირობებზე მოლაპარაკებისთვის.

დასავლეთის ქვეყნებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი „გამარჯვების გეგმაზე“ და აცხადებენ, რომ მზად არიან, როგორც ადრე, მხარი დაუჭირონ უკრაინას თავდაცვით ომში. არაერთი დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში და სხვა დედაქალაქებში სკეპტიკურად აფასებენ ამ გეგმას, რომელსაც უფრო სურვილების სიად განიხილავენ. ამასთან, ცნობილია, რომ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები აგრძელებენ დისკუსიებს, კერძოდ, შეიძლება თუ არა მიეცეს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვა.

ზელენსკის მიერ წარდგენილ გამარჯვების გეგმას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

“უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა გამარჯვების გეგმის განხორციელებაში სრულად ჩაერთვება”, – თქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა დასავლელ ლიდერებს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს და „გამარჯვების გეგმასაც“ წარადგენს. გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა გეგმის დეტალები ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button