მნიშვნელოვანისიახლეები

Wizz Air გამქრალ ფრენებზე განმარტებას ავრცელებს

Wizz Air ფრენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზის მოგვარებისთანავე შეტყობინებები გაიგზავნება.
ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. განმარტება ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ.

მგზავრებს, რომელმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები ბოლო რამდენიმე საათია აღარ უჩანთ.

„ამჟამად ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რომელსაც გავლენა აქვს დაჯავშნის სისტემაზე. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები აპლიკაციაში. გთხოვთ, უგულებელყავით. ჩვენ შეგატყობინებთ როგორცკი პრობლემა მოგვარდება“, – ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ. ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნება ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფრუტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).
“მოგზაურთა კლუბში” მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს ასახელებენ, სადაც ფრენა ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა მათ უჩვენებს, რომ აღნიშნული ფრენა გაუქმებულია. მგზავრებმა შეტყობინებები მეილზეც მიიღეს.

“Wizz Air-ზე ქუთაისი-ბრიუსელის ბილეთები რატომ გაქრა, იცის ვინმე?” – წერს ერთ-ერთი მგზავრი.

“7-ში კოპენჰაგენის ფრენა მეც გამიუქმდა, ფრენის თანხას კარგი, დააბრუნებენ, მაგრამ სასტუმროსთვის გადახდილი თანხა, დარჩება ეგრე?” – კითხულობს ერთ-ერთი მგზავრი.
მედია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა. ოპერატორმა თქვა, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში, აღნიშნული კითხვით, უამრავი ზარი შედის და რა მოხდა, არც მათ იციან.

მედია დაუკავშირდა Wizz Air-ის პრესსამსახურსაც, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელია, პროგრამული ხარვეზი იყოს.

ფრენები ისევ ჩანს შემდეგი მიმართულებით: ვენა, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, თესალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვილნიუსი, კატოვიცე, ვარშავა, ბარსელონა, აბუ დაბი.

მსგავსი პოსტები

Back to top button