WP: „აზოვის” მებრძოლებს ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცეს
რუსეთს „აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული

უკრაინელი მოხალისეების მიერ 2014 წელს შექმნილი პოლკი „აზოვი” დღეს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია, როგორც სპეცდანიშნულების მე-12 ბრიგადა. წლების წინ, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა „აზოვის” წევრების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენება, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ პოლკის ზოგიერთ დამფუძნებელს რასისტული, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური შეხედულებები ჰქონდა, გაეროს წარმომადგენლებმა კი ეს ჯგუფი ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს.
“ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა აზოვმა ლიჰის შემოწმება გაიარა”, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
Washington Post-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ აკრძალვის გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „აზოვის” დღევანდელი შემადგენლობა ლიჰის კანონის საფუძველზე შეამოწმეს. ყოფილი სენატორის, პატრიკ ლიჰის მიერ დაწერილი ეს კანონი კრძალავს შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების გაწევას ისეთი დაჯგუფებებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვის” შემოწმებისას დარღვევების მტკიცებულებები არ აღმოუჩენიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში არ დააკონკრეტეს, როდის გაუქმდა აკრძალვა და უკვე აქვთ თუ არა „აზოვის” წევრებს ამერიკული იარაღი.
„აზოვის” მებრძოლებმა სახელი გაითქვეს 2022 წლის გაზაფხულზე, როცა თითქმის სამი თვის განმავლობაში მამაცურად იცავდნენ რუსეთის ჯარების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს და „აზოვსტალს”. მარიუპოლი 2022 წლის მაისში დაეცა.
ისინი გამაგრებულები იყვნენ “აზოვსტალის” ქარხანაში და მეთაურების ბრძანების შემდეგ, 2022 წლის მაისში ტყვედ ჩაბარდნენ. ისინი ამავე წელს, თურქეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ „აზოვსტალის” დაცვა გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა მებრძოლებს ამერიკული იარაღი რომ ჰქონოდათ.
გამოცემა წერს, რომ აზოვის ბრიგადას, რომელიც თავდაპირველად მოხალისეების ფორმირება იყო და 2015 წელს უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი გახდა, აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე სრული წვდომა ექნება.
“აზოვის პოლკი”, რომელსაც აქვს ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ფესვები, არის უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი და ჩამოყალიბდა 2014 წელს ჩამოყალიბებული ბატალიონიდან და იბრძოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ რეგიონებს ქმნიდნენ.
რუსეთს „აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.