Ynet: ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების ძალების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა. ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო პორტალმა Ynet-მა მოიპოვა ინფორმაცია.
ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევისთვის, თუ გამოჩნდება სადაზვერვო ინფორმაცია, „რომელიც ასპროცენტიანი დამაჯერებლობით იტყვის, რომ ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება გარკვეულ ადგილას“. ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვება ირანში აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ჰამასის დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობას. ისრაელი საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას ჰანიეს მკვლელობისთვის.
ამასთან, ირანის მუქარის მიუხედავად, ინსტრუქციებში ცვლილებები არ არის, აღნიშნავს ისრაელის არმიის წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი. ირანმა პირობა დადო, რომ ჰანიეს მკვლელობისთვის შურს იძიებს ისრაელზე. 4 აგვისტოს თეირანმა უარყო შეერთებული შტატებისა და არაბული ქვეყნების მცდელობა, შეემსუბუქებინათ რეაქცია, წერს The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ მოლაპარაკებების მიმდინარეობას. „ჩვენ არ გვაინტერესებს, მივყავართ თუ არა ჩვენს რეაქციას ომამდე“, განაცხადეს ირანის წარმომადგენლებმა.
Axios-ის ცნობით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე დარტყმა განახორციელოს უკვე დღეს, 5 აგვისტოს.
ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის , – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ იმ შესაძლებლობების გამო, რაც თქვენ გასულ წელს აჩვენეთ. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების მზადყოფნისა და შეტევითი პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ