მნიშვნელოვანისიახლეები

ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი – დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ბოლო აქტივობა 2022 წლის ზაფხულში შეიმჩნეოდა, როცა სოფლის მიმდებარე ქედზე ახალი საინჟინრო ნაგებობები აღმართეს.

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე მცირე მთა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. ამ ფერდობზე არის სოფლის სასაფლაო, რომელიც ამჟამად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ფერდობზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც დამონტაჟებულია, მაგრამ ხურვალეთელების თქმით, ამ ბანერების ქვემოთ, სოფლის სიღრმეში, ეკლესიამდე, შეიარაღებული ჯარისკაცები ხშირად ჩამოდიან.

ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ ბორდერიზაცია დაიწყეს 2011 წელს. მაშინ ამის შედეგად მავთულხლართებით ორ ნაწილად გაყვეს სოფლის მცხოვრებლების, დათა და ვალია ვანიშვილების ნაკვეთი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button