მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური თავდასხმის გამო ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველი სახელმწიფო კომპანიის, „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ 9 მარტს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დარჩა გარედან ენერგომომარაგების გარეშე.
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია.

კომპანიის თანახმად, გაითიშა ბოლო ელექტროგადამცემი ხაზიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სადგურს აკავშირებდა უკრაინის დანარჩენ ენერგოსისტემასთან და ომის დაწყების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე მეექვსედ აღმოჩნდა „ბლეკაუტის“ რეჟიმში.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, სადგურის მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკები „ცივ მდგომარეობაში“ გადაიყვანეს და შიდა საჭიროებებისთვის ჩაირთო 18 გენერატორი, რომლებსაც 10 დღის საკმარისი საწვავი აქვთ. კომპანიის განცხადებით, თუ ამ პერიოდში ვერ მოხერხდა გარე ენერგომომარაგების აღდგენა, მოსალოდნელია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველი ავარია. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულ რეჟიმზე გადაყვანას ადასტურებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი. მისი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 5 საათისთვის, სადგურის ენერგომომარაგება შეწყდა ერთადერთი დარჩენილი ელექტროგადამცემი ხაზით და ამჟამად ჩართულია შიდა გენერატორები.
„რას ვაკეთებთ? როგორ შეგვიძლია, დავსხდეთ ამ დილით აქ, ამ ოთახში და დავუშვათ ეს? ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. გაოგნებული ვარ თვითკმაყოფილებით. დიახ, თვითკმაყოფილებით. რას ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს? ჩვენ ვართ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბირთვულ უსაფრთხოებაზე ყოველ ჯერზე, როცა კამათელს ვაგორებთ და თუ დავუშვებთ ამას დროდადრო გაგრძელდეს, მაშინ ერთ დღეს ჩვენი იღბალი ამოიწურება. მოვუწოდებ ყველას და ყველგან, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ სადგურის უსაფრთხოება. ჩვენ გვჭირდება მოქმედება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. გავაგრძელებ სასწრაფო კონსულტაციებს და კონტაქტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაცავად“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
გროსი ინფორმაციას იღებს სააგენტოს ექსპერტებისგან, რომლებიც რუსეთის ნებართვით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან სიტუაციის მონიტორინგის მიზნით. გროსის განცხადებით, ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე უკვე მეექვსედ შეექმნა და ასე გაგრძელება დაუშვებელია.

უკრაინის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან. ომის დაწყების შემდეგ სადგურის მიმდებარე რაიონი ბევრჯერ დაიცხრილა, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამასთან, მოსკოვი არ თანხმდება კიევის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას, რომ ეს რაიონი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.

შეგახსენებთ სახელმწიფო ატომური ელექტროკომპანია აცხადებს, რომ მომხდარმა შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელსაც მთელ მსოფლიოში რადიოაქტიური შედეგები მოჰყვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button