ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი პერსონალი ტოვებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას.
დაზვერვის სამმართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სადგური ერთ-ერთმა პირველმა დატოვა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა, რომლებიც სადგურზე მყოფ რუსებს ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც „როსატომთან“ კონტრაქტი აქვთ, რეკომენდაცია მიიღეს, რომ სადგური 5 ივლისამდე დატოვონ და სასურველია, თუ ყირიმში წავლენ.
„ბოლო მონაცემებით, საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიას. ერთ-ერთმა პირველმა სადგური დატოვა „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსების მოქმედებებს. ასევე, ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტებს ხელი მოაწერეს. მიღებული მითითებების თანახმად, ისინი 5 ივლისამდე უნდა წავიდნენ“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.
დაზვერვის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ასევე ქალაქ ენერგოდარში სამხედრო პატრულების რაოდენობა შემცირებულია.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია უკვე დატოვეს და ოკუპირებულ ყირიმში გაემგზავრნენ იურიდიული განყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი და სადგურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. უკრაინის დაზვერვის თანახმად, სადგურზე დარჩენილებს მისცეს მითითება, რომ ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, უკრაინა დაადანაშაულონ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს” და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს. რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდა და კიევი დაადანაშაულა შესაძლო დივერსიის მზადებაში.
ცნობისთვის, 20 ივნისს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არის აფეთქების ან ავარიის საფრთხე, რადგან ოკუპანტებმა დამატებით დანაღმეს გამაგრილებელი სისტემა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ტერაქტს ამზადებს.
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის “ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება”.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსების მიერ 2022 წლის მარტიდან არის ოკუპირებული და ეს პირველი შემთხვევაა როცა ოკუპანტები, სტრატეგიულ ობიექტს ტოვებენ