მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელბეკის სამხედრო აეროდრომთან აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ადმინისტრაციამ დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ბელბეკის სამხედრო აეროდრომთან მომხდარი აფეთქებების შესახებ.

კრემლის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამზე წერს, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელბეკის რაიონში, ზღვის თავზე ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი. რაზვოჟაევი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე დარტყმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე სარატოვის და რიაზანის ოლქებში.
ამასთან New York Times-ი წერს უკრაინელი სამხედროების წარმატებებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გაშვებული 80-ვე კამიკაძე დრონი. გაზეთი სვამს კითხვას: რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა ამ ძალისხმევის გაგრძელებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ზომები საკმაოდ ძვირი ჯდება.

ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი, შედარებით იაფია, მაშინ როცა შეიარაღება, რომელიც საჭიროა მის ჩამოსაგდებად, ბევრად უფრო ძვირი, ამბობენ ექსპერტები.

უკრაინის საკონსულტაციო კომპანია „მოლფარის“ ხელმძღვანელი, არტიომ სტაროსიკი მიიჩნევს, რომ რაკეტები, რომლებიც ანადგურებს დრონებს, შვიდჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თავად დრონები.

ერთი „შაჰედი“ შეიძლება 20 ათასი დოლარი ღირდეს. მაშინ, როცა „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტის გაშვება შეიძლება დაჯდეს 140 ათასამდე დოლარი საბჭოთა წარმოების S-300-ისა და ნახევარ მილიონამდე დოლარი ამერიკული NASAMS-ის შემთხვევაში.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ასეთი დისბალანსი შესაძლოა დაეხმაროს მოსკოვს და ძვირად დაუჯდეთ უკრაინასა და მის მოკავშირეებს.

„მოლფარის“ მონაცემებით, სექტემბერში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 600-მდე დრონი. სამხედრო საიდუმლოების გამო უკრაინის სამხედროები განსაკუთრებით ბევრს არ საუბრობენ მათი საჰაერო თავდაცვის დეტალებზე და მის ღირებულებაზე, აღნიშნავს New York Times-ი.

ცნობისთვის 4 იანვარს ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ უკრაინის ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სოფელ ბელბეკში მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კიევის მიერ რუსეთის დრონების წარმატებით ჩამოგდების მიუხედავად.

ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდეს
ბელბეკის ბაზაზე განთავსებულია რუსეთის საჰაერო ძალების 38-ე დანაყოფი, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დრონებით განხორციელებული შეტევის სამიზნე გახდა. მას შემდეგ ყირიმში რეგულარულად მოჰყავთ მობილიზაციაში საჰაერო თავდაცვა. ნახევარკუნძულის საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ არეალში “მთავარ საფრთხეს” დრონების შეტევები წარმოადგენს.

უკრაინის გენერალური შტაბი 4 იანვარს აცხადებს, რომ რუსეთმა ათობით საჰაერო და სარაკეტო შეტევა განახორციელა, რომელთაგან ბევრის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კრამატორსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში. ღამით ქვეყნის მასშტაბით ბევრ ადგილას ისმოდა საჰაერო სირენის ხმა.

უკრაინის არმიამ 3 იანვარს გამოაცხადა, რომ 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში ჩამოაგდო რუსეთის 84 დრონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button