მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

“2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ. საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა და ამ ღონისძიების მოცულობა 25 მილიონი ლარი იქნება.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ასევე ხელისუფლება 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი. როგორც პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გარდა ამისა, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

გახარიამ განმარტა, რომ ეს ეხება კრიზიულ პერიოდს, არის კრიზისში მეწარმეების დახმარების გეგმა და ეს არ წარმოადგენს ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზიულ გეგმას.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, სუბსიდირება განხორციელდება.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და არის 150 ლარამდე.” – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები.

“კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ თანხაში არ იგულისხმება ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button