ზელენსკიმ 9 მაისამდე გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია
რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელიც 2025 წლის 8 თებერვლიდან 9 მაისამდე ახანგრძლივებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.
მანამდე ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერს მორგანთან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წელს არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ბრძოლა შეწყდებოდა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები შეიქმნებოდა, რაც რუსეთს არ მისცემდა აგრესიის განახლების შესაძლებლობას.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა მიაჩნია.
უკრაინამ და რუსეთმა პატიმართა მორიგი გაცვლა განახორციელეს ფორმულით “150-150-ზე”. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.
“რუსეთის ტყვეობიდან ვიბრუნებთ 150 ჩვენს დამცველს. ესენი არიან ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები. საზღვაო ძალების ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მარიუპოლსა და ზაპოროჟიეში, საჰაერო, სამხედრო-სადესანტო და სახმელეთო ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები. ისინი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან არიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის”, – წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ გვერდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად იმყოფებიან ბელარუსში, სადაც ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უტარებენ და აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ ნათესავებს. მოგვიანებით მათ რუსეთში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის ჩაიყვანენ.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყეების წინა გაცვლა 15 იანვარს მოხდა ფორმულით „25-25-ზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ახალი რიცხვი, რომელიც, მისივე მტკიცებით, თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.
ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს, ღამით YouTube-ზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, დაკარგულად მიჩნეულების და დატყვევებულების რიცხვი კი დაზუსტებული არ არის.
რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თანახმად, მოკლულია დაახლოებით 350 000 სამხედრო, დაჭრილია 600 000-700 000 და დაკარგულად ითვლება 50 000-70 000.
ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. უკრაინა და რუსეთი რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას თავიანთი დანაკარგების შესახებ.
2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაღუპულია 43 000 და დაჭრილია 370 000 უკრაინელი სამხედრო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მონაცემები რეალობას არ ასახავდა.
რაც შეეხება მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში დაიღუპა 12 456 და დაიჭრა 28 382 მშვიდობიანი მოქალაქე.
ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს, რადგან უცნობია ომის მსხვერპლთა რიცხვი უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.