მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, კიევში მიიწვია

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია ჩინეთის მეთაური სი ძინპინი, რომელიც გასულ კვირაში, მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ზელენსკიმ სააგენტო AP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სი ძინპინთან ლაპარაკი სურს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია.
“ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მასთან საუბარი მინდა. ერთ წელზე მეტია, მე მასთან კონტაქტი არ მქონია”, – ამბობს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ვერანაირი გარანტია ვერ მიიღო და ამ თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში პუტინის მიერ იმის გამოცხადება, რომ ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის მეთაურის ვიზიტი რუსეთისთვის სასარგებლო არ ყოფილა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური რუსეთში 20-22 მარტს იმყოფებოდა. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.

WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს.

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება – გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
სტრატეგიული რისკების შემცირება;
მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.
ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.

Associated Press-მა ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერა მატარებელში, რომლითაც ის ფრონტის ცხელ წერტილებს სტუმრობს და სხვადასხვა რეგიონებში ჩადის სიტუაციის პირადად გასაცნობად.

მსგავსი პოსტები

Back to top button