ზელენსკის ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიმართვა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგი ნიკიფოროვი ფეისბუკზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის წინადადებით.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ეხმაურება კონკრეტულად გამოცემა The Times-ის ინფორმაციას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის ვიდეოკავშირით მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
„The Times-ის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესსმდივანი.
ამასთან, თავად კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის(EBU) ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოქვეყნებულია განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება და კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს “ევროვიზიის” ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას.”ევროვიზია 2023″ უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.