მნიშვნელოვანისიახლეები

ზელენსკის გუშინდელ განცხადებას მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას, სადაც ის საქართველოს პოზიციას უკრაინის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, უმრავლესობაში ეხმიანებიან.

მათი შეფასებით, მაშინ, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა პრინციპულად დგას უკრაინის გვერდით. მათივე განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ქვეყანა არ იმსახურებს.

“მხოლოდ ბრმამ შეიძლება ვერ დაინახოს თუ რა პოზიციაზე დგას საქართველო, რომლის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველო, რომელიც პრინციპულად დგას უკრაინის გვერდზე, ამის არ დანახვა და მოწოდება, კვლავ შენარჩუნება იმ ხისტი პოზიციისა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში არის დამოკიდებულება, რომ ასეთს არ იმსახურებს არც საქართველოს საზოგადოება და რა საკვირველია მთლიანად პოლიტიკური ვითარება,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალას” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს წაიკითხოს საერთაშორისო აქტები საქართველოს პოზიციაზე, ასევე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილის შესახებ.

“უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ – ესეც არის საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფა. წაიკითხოს საერთაშორისო აქტები საქართველო ვის უჭერს მხარს რუსეთის საწინააღმდეგოდ და ასევე, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და იქ ამოიკითხავს პასუხებს იმ კითხვებზე, რაც გააჩნია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის შეფასებით, მაშინ, როცა საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა პრინციპულად დგას უკრაინის გვერდით.

“ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება. რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ღირსეულ ხელისუფლებას,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ზელენსკის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს, ოპოზიციაში აფასებენ.

მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზელენსკის გზავნილმა დაადასტურა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ასევე ამბობენ, რომ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტურ შეფასებას ავრცელებს.

“ზელენსკის ეს განცხადება არის შედეგი და მესამე მხარის დამოკიდებულება, თუ როგორ იქცევა “ქართული ოცნება”. დღეს ყველგან თვლიან, რომ საქართველო არის რუსეთი მოკავშირე,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციის მეორე ნაწილში კი ამბობენ, რომ ზელენსკის განცხადება მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა:

“რადგან საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს ამ თემაზე, აჩვენებს თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინა დღეს სააკაშვილის საკითხს. ჩემი აზრით ეს არ შეეხება მხოლოდ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ეს ჩემი აზრით ასახავს იმ რეალობას, რომ მათ შორის მიხეილ სააკაშვილი არის გამოცხადებული, რუსეთის დღევანდელი კრიმინალური რეჟმის მიერ, როგორც პირადი მტერი,”- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაღებული ფოტოები წარმოადგინა და დასვა შეკითხვა “საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი?”.

მსგავსი პოსტები

Back to top button