მნიშვნელოვანისიახლეები

ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა

ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.

„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას ფაქტობრივად სანქციებით, ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არც ერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში, ახლა პირდაპირი, ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს უკვე კულისებს გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩართვას ვერ აიძულებენ.

„უშიშროების საბჭოსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე, როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მის მიერ იყოს გამოცემული, რა თქმა უნდა, ეს ასეა. უშიშროების საბჭოს მდივანიც პირდაპირ ექვემდებარება ვერტიკალს. უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომის გაჩაღებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლა ნაცვლად მოწოდებისა, გამოდის უკვე შანტაჟით, მარტივი ლოგიკაა, ვერავითარი შანტაჟით ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ გახსნიან. არ ვიცი, უკრაინელები რას იზამენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ჩართავს ომში და ვერავინ აიძულებს, გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება სანქციებთან დაკავშირებით არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა, ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი, ეს არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. როდესაც ადამიანს სჯი, მის მიმართ ბერკეტი აღარ გაქვს, მათ სჭირდებათ ბერკეტი, რომ საქართველო ჩართონ ომში, ამისთვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი და სწორედ ამ ლოგიკით მოხდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა, რომ მიზანი არის არა დასჯა. იციან, რომ ეს სრული აბსურდი იქნება, არამედ მიზანია შანტაჟი. რასაც ისინი საჯაროდ ითხოვენ, ეს არის მეორე ფრონტი, პირდაპირ დანილოვი ამას ამბობდა. რასაც ითხოვენ და რისთვისაც განახორციელეს ეს შანტაჟი, ამას ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟის ქვეშ ისინი მას ვერ აიძულებენ, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს მეორე ფრონტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ.

“აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოყვა კონკრეტული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და მისი ხელისუფლების და ქართველი ხალხის პასუხია, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს, ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, რომ ეს ქვეყანა დავღუპოთ. ჩვენ გამოვდივართ ქართველი ხალხის ნებისგან, რომ ავირიდოთ საომარი მოქმედებები და არც ერთ იმგვარ მოქმედებაზე არ წავიდეთ, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ერთი მხრივ სუვერენული და მეორე მხრივ, ეროვნული და ხალხის ინტერესებიდან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი უკრაინის მიერ მამაცაშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მამაცაშვილი კავშირშია ისეთ საქმიანობასთან, რომელიც მის დასანქცირებას გამოიწვევდა.

ადვოკატის განცხადებას ინტერპრესნიუსი აქვეყნებს:

“როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა

მსგავსი პოსტები

Back to top button