აქციაზე დაკავებული პირები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიში იმყოფებიან
ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა

2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 მოქალაქე დააკავეს – როგორც მედიას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დამოუმორჩილებლობას ედავებიან.
აქციაზე დაკავებული პირები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიში იმყოფებიან – მათ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დემონსტრანტები ადვოკატებმა მოინახულეს. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესები.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულების მონახულების დროს ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე, ავტომობილში ჩასმის შემდეგ, იძალადეს.
“ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები. მე მოვინახულე და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს, როდესაც პოლიციის მანქანაში ჩასვეს, როდესაც ედო ბორკილები, მინდა ამას ხაზი გავუსვა, მივიდა პოლიციის თანამშრომელი, მას ჩააწევინა თავი, დაარტყა ხელი და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მასზე იძალადა,“ – აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ცნობილია, რომ 2 მაისს, გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ ქვემეხის წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი, მიხო კალანდარიშვილი. სახალხო დამცველიც ცნობით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს – არც სახალხო დამცველი და არც შსს არ აკონკრეტებს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებიდან რამდენი ადამიანს აქვს ფიზიკური ძალადობის კვალი.
ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა:
30 აპრილი -1 მაისის ღამეს – 63
1 მაისი – 2 მაისის ღამეს – 5
2 მაისი – 3 მაისის ღამეს – 23
„აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.