ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპირო ზოლში კვლავ წითელი ალმებია აღმართული. შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია. სანაპიროზე დღეს და ხვალ 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მაშველები მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ.

სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსი, ხოლო კახეთში – 36 გრადუსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button