ზღვაში დაკარგულ 25 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ მაშველები აჭარაში, გონიოს სანაპიროსთან.

25 წლის მამაკაცი წყალში გუშინ საღამოს შევიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.

უამინდობის გამო მაშველები აფრთხილებდნენ მოსახლეობას შესაძლო საშიშროების შესახებ, თუმცა ზოგმა მათგანმა არ გაითვალისწინა.

გარდა ამისა, უკვე მესამე დღეა გრძელდება ბათუმში, ზღვაში 45 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც.

ორივე დაკარგული ადგილობრივია.

უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც სააგენტოში განაცხადეს, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს სანაპირო ზოლზე დადგმულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს, არ გასცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილონ მათ მითითებებს, არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს. ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც მოწყობილი არ არის სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები ან არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საშტორმო მდგომარეობის გამო კი, ზღვაში შესვლა აკრძალულია. სანაპიროზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები გუშინ დილიდან არის აღმართული. ჰიდროგრაფიული სამსახური შტორმის ჩადგომას 7 ივლისს, დილიდან ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button