მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტები პარლამენტთან აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას აფასებენ

დღეს, პარლამენტთან ჟურნალისტების აქციაზე პოლიციელებთან დაპირისპირებას, მედიის წარმომადგენლები აფასებენ.

ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დღევანდელ აქციაზე დაპირისპირების მიზეზს განმარტავს, მისი თქმით პოლიციელებმა მედიის წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა არ მისცეს, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

„რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ აქციაზე, ვაპროტესტებდით და ვითხოვდით მოძალადეების დასჯას. მოვიტანეთ პლაკატები, რომლებიც მივაკარით პარლამენტის შესასვლელთან, რომლებზეც გამოსახულია კონკრეტული ადამიანების ფოტოები და მათი გაკვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. შესაძლოა ეს კანონდარღვევაა, მაგრამ ჯიკაობა არ არის საჭირო, მათ შეუძლიათ დაგვაჯარიმონ. ესენი პირდაპირ ძალადობაზე გადადიან და შეიძლება ითქვას, რომ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. ჩვენ აქ ვდგავართ და ვიდგებით რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა. არ გავჩერდებით სანამ მოძალადეები არ დაისჯებიან“, – განაცხადა ქეთა ციცქიშვილმა.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძა, ამბობს რომ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გასცემდნენ მოწოდებებს ეძალადათ ჟურნალისტებზე.

„ჩვენ დღეს ვართ საკანონმდებლო ორგანოსთან მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე დაისაჯონ მოძალადეები. ამ ეტაპზე თავისუფლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გასცემდნენ დირექტივებს რუსთაველის გამზირზე მაგალითად, ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. ეს ადამიანები პირდაპირ ეუბნებოდნენ თავიანთ სადამსჯევრო რაზმებს როგორ უნდა ეძალადათ ჟურნალისტებზე. დღეს ეს პირები არიან თავისუფლები. კონსტანტინე მორგოშია ფიგურირებს ლექსო ლაშქარავას საქმეში, სწორედ ის მოუწოდებადა რომ მობილიზებულიყვნენ 600-მდე ადამიანი და დაერბიათ მოძრაობა სირცხვილიას ოფისი. ჩვენ ვითხოვთ სადამსჯევრო ორგანიზაციის ლიდერების დაკავებას. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, გადაღებაზე დავდივართ და არ ვართ თავისუფლები, ვერ ვმუშაობთ თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს. მთავარი, რაც უნდა გაჟღერდეს ყველა სამთავრობო უწყებასთან არის ის, რომ იმ დამნაშავეების დასჯა უნდა მოვითხოვოთ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საველე ლიდერებად იყვნენ წარმოდგენილები და თავად გასცემდნენ მოწოდებებს, როგორ დაესისხლიანებინათ ჟურნალისტები“, – ამბობს გიორგი კიკაბიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათზე პარლამენტთან ჟურნალისტებზე დასჯის მოთხოვნით გამართულ აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლაკატების გაკვრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button