ჟურნალისტების პასუხი პრემიერ ღარიბაშვილს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯარის ქალაქის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, “იმედი”, “რუსთავი 2” და “პოსტ ტვ” მიიწვია. შეხვედრაზე არ იყვენენ მიწვეულები კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
მთავარი არხის ჟურნალისტი ეკა გაგუა ეხმაურება პრემიერს საქციელს და “გაბუტული ხელისუფლების” დასასრული საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი.
“ხელისუფლებას მრავალი წელია, არ მოსწონს კითხვები, რომელსაც ჩვენ ვსვამთ და ახლა საერთოდ გადაწყვიტა, რომ გაგვებუტონ და საერთოდ არ უნდა დაგველაპარაკონ. რითიც მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისთვის მედიასთან გაბუტვა კარგად ვიცით, არაერთხელ გვაქვს ეს ნანახი. ყველანაირი დემოკრატიის სტანდარტს არღვევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, ადამიანების მიერ დანიშნული ხარ ამა თუ იმ ადგილზე და შენი მოქალაქეების კითხვებს არ პასუხობ” – ამბობს გაგუა.
“ფორმულას” გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებას “ავტორიტარიზმამდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი”.
ქუჩაში თარეშობენ მოძალადეები, რომლებსაც გამკითხავი არ ჰყავს, პოლიციას უთხრეს, რომ შენ გვერდზე გადაიწიე ახლა მოთარეშეების ხელისუფლებაა, სხვა რა არის ავტორიტარიზმი, გვეღუპება ჟურნალისტები და ტელეოპერატორები. ჩრდილოეთ კორეა არ ვართ და არც ვიქნებით არასოდეს, მე ამ მხრივ იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ ყველაფერი სანამ იქნება “კარგად”, როგორც ჩანს იქნება ძალიან ცუდად”,- ამბობს თარგამაძე.
ამ ამბავს ასევე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და ამბობს, რომ მმართველის პარტიის ხელმძღვანელს კითხვებზე პასუხები არ აქვს და სწორედ ამიტომ გაურბის ჟურნალისტებს.
“ღარიბაშვილს მოუწევს იაროს ასე ღრუბელ-ღრუბელ, კედელ-კედელ, ორღობე-ორღობე დამალულმა ამის მერე, მას უბრალოდ არ აქვს კითხვაზე პასუხები, მაგალითად, რატომ არ არიან დაკავებულები მოძალადეები, არ აქვს პასუხი. მთავარი კითხვა მის მიმართ არის: როდის გადადგება ის? ამ კითხვაზეც კი არ აქვს პასუხი, თვითონაც არ იცის იმიტომ, რომ ივანიშვილი რომ დაურეკავს წადიო, მაშინ გადადგება”,- ამბობს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტია და მათ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ქარტია მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავიდეს.