ჟურნალისტების უპასუხოდ დარჩენილი კითხვები პარლამენტში

ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვეს ოცნების დეპუტატებმა დღეს პარლამენტში. ჟურნალისტის, ვახო სანაიას კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე, ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ასე პასუხობს:
“საკუთარ თავთან უფრო მეტი კითხვა გაქვთ დასასმელი. ნახვამდის მნიშვნელობა იცით თქვენ? თუ არ იცით, თქვენი პრობლემაა”, – თქვა სარჯველაძემ და ტერიტორია, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, დატოვა.
“დეპუტატი კი არა, მშიშარა ხართ”, – მიმართა სანაიამ სარჯველაძეს.
“მშიშრები არიან, ჟურნალისტების კითხვებს პასუხებს ვერ სცემენ. ჯერ ლიფტში დაიმალა, შემდეგ შიგნით შევიდა”, – აღნიშნა სანაიამ.
პარლამენტარების დიდმა ნაწილმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა.
პარლამენტში შესვლამდე მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქციას მართავდნენ და 5 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მედიის წარმომადგენელთა ნაწილი მას შემდეგ ითხოვს, რაც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს ,დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათგან ერთი კი, სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.