მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავა
განცხადებას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნეუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

მსგავსი პოსტები

Back to top button