მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“

ევროკავშირი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელობას და პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად. 3 მაისთან – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის თემაც წელს არის „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა.

,,დღეს, COVID-19-თან „ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება. ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრძელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიმდინარე წლის თემა – ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი“. – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელმა გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

„დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, გვსურს გამოვაცხადოთ მეცხრე კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. მისი მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, წახალისება და შესაბამისი დაფასება. გასულ წელს მერგო პატივი, დამეჯილდოვებინა არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ნაშრომები. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ კონკურსის წლევანდელი მონაწილეები შარშანდელ მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“. – აღნიშნა ჰარცელმა.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: www.euprizejournalism.ge/ge/rules. პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხილეთ ვებ-გვერდზე www.euprizejournalism.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button