“ჟურნალისტის გაუჩინარებაზე პასუხისმგებელი შსს და სუს-ია”

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში გაუჩინარებისა და შემდეგ მის ბაქოს იზოლატორში აღმოჩენის ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.
“მე ვფიქრობ, რომ როცა მსგავსი სამწუხარო და სავალალო ფაქტი ხდება, საქართველოში თავს დაცულად ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკისრება. სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია ამ პროცესში და მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოვანი უწყება ავრცელებს.
თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც ორშაბათს გაუჩინარდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა რადიო თავისუფლებას.
სადიყოვის თქმით, მუხტარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხტარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს.