მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ზიარების წესი არ შეიცვლება”

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ, საპატრიარქოს მიერ მიღებული ცვლილებები არ გასცდება სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ რამდენიმე დეტალი „დაზუსტდება”.

„გარკვეული რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული. ეს რეკომენდაციები არ გასცდება სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას. იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა.”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ გააგრძელებს ღვთისმსახურების აღსრულებას და უცვლელი დარჩება ზიარების წესიც:

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ წირვები გაგრძელდება და იმავდროულად დაცული იქნება აქამდე მიღებული რეკომენდაციები. სინოდის ბოლო გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ შესრულდება მკაცრი რეკომენდაციები ღვთისმსახურების ფარგლებში, ჯაღმაიძემ მაღაზიების მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, მაღაზიის გარეთ დაყენებულ რიგებში ადამიანები, რეკომენდებული დისტანციის დაცვის შემთხვევაში, წესების დაცვას ახერხებენ. „იქ შეიძლება სამზე მეტიც იყოს და ათზე მეტიც იყოს. ეს არ ითვლება დარღვევად”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

სხვა ეკლესიების, მათ შორის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რომლებმაც დროებით შეაჩერეს ღვთისმსახურება, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური ეკლესიაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ვირუსი ზიარების შედეგად გავრცელდა:

„ვერც ჩინეთში, ვერც ირანში, ვერც იტალიაში, ვერ ვიტყვით, რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ვირუსი”.

ბოლოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ადამიანთა მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა, სწორედ ამიტომ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის მიმართ მათი კრიტიკა არათანმიმდევრულია.

„ერთი და იგივე ხალხი წუხს იმაზე, რომ დეკანოზი [მამალაძე] ვერ ვაზიარეთ და იგივე ხალხი წუხს ახლა, რატომ აზიარებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ზიარებაო”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესსპიკერმა ფაქტების არაობიექტურ გაშუქებაში მედიაც დაადანაშაულა. მან „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს შეკითხვით მიმართა:

„თუ გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ რეპორტაჟი, რომ ეკლესიაში ასე კარგად მოხდა რეკომენდაციების გათვალისწინება? სპეციალურად თუ იქნა ამაზე მასალა გაკეთებული?”,- იკითხა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფორმით გააგრძელებს ეკლესია ახალ გარემოებებში საქმიანობას, ჯერ არ არის მიღებული. მრავალი მღვდელმთავრის საბოლოო აზრი აღნიშნული საკთხის შესახებ ჯერ საპატრიარქოსთვის ცნობილი არ არის, თუმცა მისივე თქმით, „საბოლოო ჯამში მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა უნდა მოიწონოს ეს და საბოლოო ჯამში მან უნდა გააკეთოს ბოლო კორექტირებები”.

შეგახსენებთ, 30 მარტს, საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button