მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ტაქსის მძღოლები თელავში სამუშაოს ტოვებენ

ვალერიან თუშიშვილი, ტაქსის მძღოლად , სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მგზავრების რაოდენობის მკვეთრად შემცირების გამო, ის ტაქსების სადგომზე აღარ დადის.
“საათობით ვიდექი და მგზავრი არ იყო. საჭმლისა და სიგარეტის ფულიც აღარ გამომდიოდა. ოჯახი მყავს, რჩენა ხომ უნდათ.აღარ გავდივარ, აზრი არ აქვს. ხელობა ვიცი და რაღაც 300 ლარიანი საქმე გამომიჩნდა. პური ხომ მოგვივა”- თქვა მან რადიო ჰერეთთან.

თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში, საწვავის ხარჯსაც ვეღარ ანაზღაურებენ.

“მთელი დღის განმავლობაში, გავედი სამჯერ და 9 ლარი ავიღე. გუშინ 30 ლარის საწვავი ჩავასხი. გამოდის,იმასაც ვეღარ ვანაზღაურებ. დღეში 20- ჯერ მაინც გავდიოდი და საჭმლის ფული მიმქონდა სახლში. საათობით ვდგავარ და მგზავრი არ არის. გამოდის, არაპირდაპირ, ჩვენც უმუშევრები დავრჩით. რაკი აკრძალვა არ დაგვიწესეს, იმ სახელმწიფო დახმარებასაც არ გვაძლევენ. ლამის სხვებივით მეც წავიდე და რამე ვეძებო, მაგრამ სადაა სამუშაო “- განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა, გივი ამირანაშვილმა.

მგზავრი აღარ ჰყავთ, თბილისის მიმართულებით მოძრავ ტაქსებსაც, რომლებიც გომბორის უღელტეხილით, დღის განმავლობაში, რამდენიმე მარშუტის შესრულებას ასწრებდნენ.

“დღეს წამოვედი ერთი მგზავრით. ოთხი საათია, ვდგევარ და მგზავრი არ მყავს. რა მოგებაზეა ლაპარაკი, პურის ფული მიმატანინა სახლში. თანაც ოთხი მგზავრის გადაყვანის უფლებაც აღარ მაქვს, სამი უნდა იყოს. გაუსაძლისი ვითარებაა, მძღოლები აღარ გამოდიან”- თქვა რადიო ჰერეთთან, ჯემალ მამუკელაშვილმა.

თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა, მათ შორის, თბილისის მიმართულებით, ასზე მეტი ტაქსი მუშაობდა. 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მათმა გარკვეულმა ნაწილმა, სამუშაო უკვე დატოვა.

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button