მოზაიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდელი მოზარდების ჩიჩილაკები ევროპაში გააგზავნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭკადუაშში მცხოვრები,16 წლის თორნიკე და 14 წლის გიგა, მამასთან ერთად ჩიჩილაკებს ამზადებენ,რათა ხანძრისგან დამწვარი სახლის გადარჩენილ პირველ სართულზე საახალწლოდ მაინც მოიწყონ ერთი თბილი ოთახი.

ნაჭყებიების ოჯახი,თითქმის 20 წელია ამ საქმეს მისდევს. მამა, პაატა ნაჭყებია ერთ დღესაც მეზობელ სოფელ კორცხელში შეესწრო, თუ როგორ აკეთებდნენ ჩიჩილაკებს. ჯერ თვითონ, მერე შვილებს ასწავლა.
და ბოლო რამდენიმე სხვადასხვა სოფლიდან საჩიჩილაკე მასალას ეზიდებიან. მის დასამზადებლად ყველა ტოტი არ გამოდგება. მოსაძებნია. რტოიანი არ უნდა იყოს, არც უხეში, ფერსაც მნიშვნელობა აქვსო, ამბობს მამა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი შემოსავლის წყარო სახელმწიფოს მიზერული დახმარებაა, რომელსაც პანდემიისას კიდევ 100 ლარი დაემატა და სეზონურად ჩიჩილაკების გაყიდვით მიღებული თანხა.
თუ ადრე პაატა ნაჭყებია შვილებთან ერთად საზღვარგარეთ დადიოდა, იგივე თურქეთში, სადაც ჩაის კრეფდნენ პლანტაციებში, დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მიდიან.

ნაჭყებიებს შარშან, 25 დეკემბერს სახლიც დაეწვათ. ოჯახი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩა. ეზოში ამ დროს ახალი სახლის პირველი სართულის კედლები ამოყვანილი იყო, დანარჩენში ადგილობრივი ხელისუფლება და კეთილი ადამიანები, მათ შორის ემიგრანტები ეხმარებიან.

“დავრჩით ისე, რომ არაფერი გაგვაჩნდა. ბავშვები გვერდით მედგნენ. მეზობლები, ბიძაშვილები გვეუბნებოდნენ, დარჩით ჩვენთან ამ ზამთარს, არ მოგშივდეთ, არ შეგცივდეთ, მაგრამ მე ჩემი სახლი მერჩივნა და ბავშვებიც არსად გაჩერდნენ. გვერდიდან არ მოგვცილებიან. პირველ სართულზე, ბრიზენტგადაფარებულში გავატარეთ, ერთ ოთახში. წვიმა შემოგვდიოდა. ტანჯვა-წამებით ამ დრომდე მოვედით”- იხსენებს პაატა ნაჭყებია.

ჩიჩილაკების გაყიდვით გამომუშავებულ ფულსაც სახლს მოახმარენ. მეორე დღეში 5-6 ცალის დამზადებას ახერხებენ. შეკვეთები თანასოფლელებისგანაც აქვთ.

“კოვიდის პირობებში ძნელია მუშაობა. რა ვქნათ. რაღაცნაირად უნდა გავიტანოთ თავი. კორონავირუსმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ვეღარ დავდივარ საზღვარგარეთ. ვერ ვმუშაობ.აქ ვერ ვაკეთებ იმდენ ფულს, რასაც იქ ვაკეთებდი, რომ ოჯახი ვარჩინო. ბავშვებსაც უნდათ ისე იცხოვრონ, როგორც სხვა ბავშვებმა”, – აცხადებს პაატა ნაჭყებია.

უფროსი ვაჟი თორნიკე უკვე სამი წელია მამას ჩიჩილაკების დამზადებაში ეხარება. თავიდან ცოტა გაუჭირდა.
თხილის ტოტისგან 50 სანტიმეტრიანი საახალწლო ატრიბუტის დამზადებას, იგი საშუალოდ 45 წუთს ანდომებს.
ჩიჩილაკების გაყიდვაზე კი დედა, მარინე ნაჭყებია ზრუნავს. ხშირად ზამთრის ცივ დღეებში, ქარში თუ წვიმაში, ყინვაში უწევს გარეთ დაღამებამდე დგომა. ოჯახის დანარჩენი წევრებიც ეხმარებიან, რომ შრომა შეუმსუბუქონ.

“ფასები იწყება 2-3-5 ლარიდან, სიდიდის მიხედვით. დიდები 50 ლარი ღირს. თუ მასალა იქნება, 100 ლარიან ჩიჩილაკსაც დაამზადებენ. ძვირიაო მეუბნებიან, მაგრამ ვუხსნი, რომ შრომობენ ბავშვები, სწავლობენ. სეზონზე საშულო შემოსავალი 2000 ლარია. თუ კარგად იშოვეს მასალა. სოციალური დახმარება გვაქვს. ემიგრანტებიც გვეხმარებიან და ამით ვართ”, – ამბობს მარინე ნაჭყებია.

ოჯახის მიზანი, ახალ წლამდე თუნდაც ერთი თბილი ოთახის მოწყობაა. მანამდე კი პირველ სართულზე რჩებიან, სადაც არც ბეტონია დაგებული და არც იატაკი. კედლებიც აგურისაა, შეულესავი.

300 ცალზე მეტი უკვე მზადაა და ეს არ არის ოჯახის პროგრამა მაქსიმუმი. მათ ჩიჩილაკების გაყიდვაში სამოქალაქო აქტივისტებიც ეხმარებიან,მათი დახმარებით ერთგვარი კამპანია გაჩაღდა და ჩიჩილაკები ზუგდიდში მოქმედმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა შეიძინეს. ასევე ნაჭყებიების მიერ გამოთლილი რამდენიმე ჩიჩილაკი ევროპაშიც გააგზავნეს.

 

ავტორი,

თეა შონია

მსგავსი პოსტები

Back to top button