ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი

ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მანამდე ოპოზიცია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფინანსური დოკუმენტი ნოემბერში მიიღეს. როგორც წესი, ბიუჯეტს წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.
პარარელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა და ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს ისინი თუ არა. აქციის მონაწილეები ანა წითლიძის მსგავსად საპროტესტო წარწერების დატოვეას ცდილობდნენ.
ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია ახლადარჩეული საკრებულოს წევრი დათო ფიფია.
მანამდე წითლიძეს არ მისცეს წარწერების დატოვების შესაძლებლობა სამართალდამცველებმა.
უფრო ადრე, ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.
ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 ათასი ლარითაა განსაზღვრული.