ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდათ

ინფორმაციის წყარო: livepress.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდათ. ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესში“ შევიდა. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია გამგეობის თანამშრომელი „სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ყველა სახის ტანსაცმლით“.

გამგეობის თანამშრომლისთვის ასევე, დაუშვებელია „მკვეთრი მაკიაჟი და თმის არასტანდარტული ვარცხნილობით“ მისვლა.

ბრძანების თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვადლებულია იცავდეს საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსთვის შესაფერისი სამოსი.

ამასთან, ბრძანებაში განმარტებულია, თუ რა სახის ტანსაცმელია დაშვებული, ასევე კაბის თუ ქვედაბოლოს სიგრძეც.

„სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის, ქვედაბოლოს მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან, პერანგის და პიჯაკის ჩაცმა“.

საჯარო სამსახურში ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას გამგებელი „აუცილებლობით“ ხსნის. ინტერნეტ გამოცემა „ლაივპრესის“ კითხვაზე, ბრძანების გამოცემის წინაპირობა იყო, თუ არა თანამშრომლების საჯარო სამსახურთან შეუფერებელი ჩაცმულობა, ლაშა გოგიამ განმარტა, „ადგილი, რომ არ ჰქონოდა მსგავს ფაქტს, მაშინ ეს ბრძანებაც არ გამოვიდოდა“.

გამგებელმა აღნიშნა, რომ ჩვეულებრიოვი მოვლენაა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საჯარო მოხელეს ჩაცმის შესაფერისი კულტურა უნდა ჰქონდეს. ლაშა გოგიას სიტყვებით, ყველა სამინისტროს თუ საჯარო უწყებას აქვს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ზუგდიდის გამგეობას ამ ბრძანებით „ველოსიპედი არ გამოუგონია“.

ბრძანების თანახმად, იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც არ დაიცავენ ბრძანებას, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

მსგავსი პოსტები

Back to top button