მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის მერია “იმედის” “ღამის შოუს” ბენდს 19 ათას ლარს გადაუხდის

ტელეკომპანია “იმედის” პროექტის “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” ზუგდიდში ჩამოსაყვანად მერია 19 ათას ლარს დახარჯავს.

მერიამ გასართობი ღონისძიების გამართვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში კითხვაზე რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება, წერია :

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონიძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის”.

მერიის მიერ ბენდის ჩამოყვანას ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ბათლომე შელია გამოეხმაურა.

“მაშინ როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი სიტუაცია და პანდემიის ახალი ტალღის გამო ხელისუფლება მოგვიწოდებს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოვერიდოთ ხალხმრავალი შეკრების ადგილებს, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა ტელეკომპანია “იმედის” მუსიკალურ ბენდს გადაუხადოს 19 000 ლარი და ჩაატაროს კონცერტი ზუგდიდში…

კონცერტების და გასართობი ღონისძიებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ასეთ უმძიმეს პერიოდში ეს რა უბედურებაა…?!

თან გგონიათ თვითონ გადაწყვიტეს ეს?!
ამ გნოლიძის ბენდს ვიღაცა კონცერტებით შემოსავლებს უგვარებს და ეს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მორჩილად უკრავს თავს, ისე რომ არც ფიქრობს რეალურად რას აკეთებს…

არ არის ეხლა ეს სრული უპასუხისმგებლობა და მავნებლობა?!”,-აცხადებს ბათლომე შელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button