მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საგანგებო ზომები მკაცრდება

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა 15 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

“იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც.

ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

“დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.

„საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეემცირებინა კოვიდ19-ის გავრცელება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button