ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა
ზუგდიდის ყოფილი მერი, გიორგი შენგელია გიორგი გახარიას გუნდის წევრი გახდა,ამის შესახებ შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
შენგელიას განცხადებით, მისთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მისწრაფება იყო, ზუგდიდელებთან ერთად ეშენებინა უკეთესი ზუგდიდი.
“როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.
მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”, – ნათქვამია გიორგი შენგელიას განცხადებაში.
გიორგი შენგელია პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისის გახსნაზეც გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი შენგელიამ თანამდებობა 17 მაისს დატოვა. იმ პერიოდში შენგელია ამბობდა რომ, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი არც “ქართულ ოცნებაში” დარჩენა და არც გიორგი გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გიორგი შენგელია იქნება პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი.