ზუგდიდის საკრებლოს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებლოს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. განაცხადა ენმ-ის წამომადგენელმა ანა წითლიძემ. მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ხელისუფლებამ და რეჟიმმა დაკარგა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახე.
“უკვე 40 დღეზე მეტია მას სასიკვდილოდ იმეტებენ. ამიტომ, ჩემმა თანამებრძოლებმა მიიღეს ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ერთადერთი მოთხოვნით, გადაიყვანონ სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ამ მოთხოვნით, საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთახში შიმშილობას დაიწყებენ არჩეული საკრებულოს წევრები – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია,დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
ახლადარჩეულ საკრებულოში ენმ-ის 22 წევრია.
წითლიძის თქმით, ეს ადამიანები შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ, რაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი მზარდი იქნება.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 46-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.
თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება. ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო მუხტი არ შენელდება და სახლები მანამ არ შევლენ, ვიდრე ეს და კიდევ ერთი მოთხოვნა “მოპარული არჩევნების” დაბრუნებაზე არ შესრულდება.