მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ბრალი წარედგინა

ზუგდიდის საკრებულოს წევრს და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელ ბათლომე შელიას ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატი უსამართლობად აფასებს.

“ადამიანზე, რომელიც იყო დევნის ობიექტი, ამ დევნის ობიექტის დევნას რომ გადავეფარე, ამიტომ წარმიდგინეს ბრალი. წარმოუდგენელი რაღაცაა ეს ჩემთვის იმ ფონზე, როცა ვიცით ყველამ, თუ რა მოხდა იქ”. – აღნიშნა დეპუტატმა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.

პროკურატურამ, ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბათლომე შელიას გარდა, ბრალი წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიასაც წარუდგინა.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დათო ღურწკაიამ სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა.

პროკურატურისვე ცნობით, იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, ამ ორ პირს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბათლომე შელიამ როსტომ ზარანდიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც სამოქალაქო აქტივისტმა კვლავ თავის არეში მიიღო დაზიანება.

“სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით”. – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

ბათლომე შელია ირწმუნება, რომ ყველაფერი, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ დაგეგმა. თავად როსტომ ზარანდია ამბობს, რომ პოლიციაში მას არ უჩივლია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი და სამოქალაქო აქტივისტი ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბათლომე შელიამ “ლაივპრესთან” საუბარში საქმეს “შეკერილი” უწოდა და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური სარჩული აქვს; როსტომ ზარანდია კი, პირიქით, პოლიტიკურ სპეკულაციაში სდებს ბრალს დეპუტატს.

ფაქტს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული, რომლის მიხედვითაც კანონის სრული სიმკაცრე მხოლოდ ოპოზიციას უნდა შეეხოს. ეს კი, “ქართულ ოცნებას” ბუმერანგივით დაუბრუნდება.

“ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში. ის წარმოადგენს “ევროპულ საქართველოს” და მას აქვს მართლა ძალიან მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის, პოლიტიკური და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი. მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” და მათი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. მათი სტილია ეს. მე მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. ძიუდოისტი “ჩამიდეს” და დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი. დაახლოებით, ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც”. – განაცხადა გიგი უგულავამ.

48 საათის განმავლობაში, სასამართლო ორივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button