რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩიეს 25-25 ხმით

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩიეს 25-25 ხმით. ხუთი კომისიიდან ოთხს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, ერთს კი “გახარია-საქართველოსთვის” წევრი. მმართველ პარტიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ფრაქციის” თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ისინი კომისიებში იმუშავებენ.

საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, ბესიკ გაბუნია გახდა.

ბესიკ გაბუნიას სიტყვებით, ეს თანამდებობა მისთვის დიდი პატივია, და რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიზნობრივად გამოიყენონ. მან მოუწოდა დეპუტატებს, ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და გააკეთონ ის, რაც წაადგება ზუგდიდს და მოსახლეობას.

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაია გაწერელია დაასახელა. ისიც 25 ხმით აირჩიეს, მმართველი პარტიის მონაწილეობის გარეშე.

მაია გაწერელიას თქმით, ის სრულად გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და გამოცდილებას, თითოეული მოქალაქის ჯანმრთლობის უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი სორდია გახდა.

მარიამ ახალაია განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს.

იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კი ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” წევრი ბელა მოსია გახდა.

წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. პირველი მოადგილე ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი მალხაზ თორია გახდა, მოადგილედ კი ენმ-ის წარმომადგენელი თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button