მნიშვნელოვანისიახლეები

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 16 იანვარს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების, პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუა სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო.

სასამართლომ ორივე მათგანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტები გაამართლა მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში – ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სხდომაზე მხარეებმა შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას 16 იანვარს, დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„არა ოლიგარქიას“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „უსამართლო სასამართლო“ – ამ შინაარსის პლაკატებით და შეძახილებით მივიდნენ სასამართლოსთან მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდამჭერები და მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 16 იანვარს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკის გასროლის გამო დააკავეს.

ბრალდების მხარე კერენ ესებუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, ხოლო მარიამ სიჭინავასთვის კი 15 000-ლარიან ჯარიმას.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
პირველად მარიამ სიჭინავას 5000 ლარის, ხოლო კერენ ესებუას – 2000 ლარის ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button