- ზუგდიდში, 23 ივლისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ზაურ კვიკვინიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფურცხვანიძემ მიიღო.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
მომდევნო სხდომა 14 სექტემბერს ჩაინიშნა.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალი გუშინ, 24 ივლისს წარუდგინა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ბიზნესწილებში უთანხმოებას უკავშირდება.
დავა ბიზნესის გამო – ვინ არის ზუგდიდში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული