ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
“მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა”.-განმარტეს იუსტიციის სამინისტროში
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.