ზურაბ იაკობაშვილი და გენო პეტრიაშვილი მედვედის გრან-პრის გამარჯვებულები გახდნენ [Photo/Video]

18-19 თებერვალს მინსკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის გრან-პრის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, მესამე ადგილები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (125) დაიკავეს.

ბრინჯაოსთვის ოთარ გოგავამ (57), კოტე ხაბალაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), სანდრო ამინაშვილმა (86) და გიორგი საკანდელიძემ (125) იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

იაკობიშვილმა (70) თავდაპირველად რუსი შარაპ გიტინოვი დაამარცხა 5-0, მომდევნო წრეში თანაგუნდელ დავით ტლაშაძეს მოუგო 6-2, მეოთხედფინალში რუსი რუსტამბეკ მასხადოვი 9-2, ხოლო ნახევარფინალში ამერიკელი აარონ პიკო 5-3 დაამარცხა. ფინალში მან რუს ამირე ბერუკოვს 9-4 დამაჯერებლად მოუგო.

გენო პეტრიაშვილმა (125) რუსი ანზორ ხიზრიევის 10-3 ძლევით დაიწყო, მომდევნო წრეში თანაგუნდელ გიორგი საკანდელიძეს მოუგო 6-0, ნახევარფინალში კი ირანელების ოლიმპიური პრიზიორი კომეილ გასემი 9-4 დაამარცხა. ფინალში გენო 3:40 წუთში აზერბაიჯანელ საიდ გამიდოვს 10-0 იოლად გაუსწორდა.

ხინჩეგაშვილმა (61), რომელმაც ზედა წონაში იჭიდავა, ნახევარფინალამდე უნგრელი ჯოზეფ მოლნარი 10-0, ყაზახი ტიმურ აიტკულოვი და რუსი შამილ ომაროვი ერთნაირი ანგარიშით 6-3 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალი რუსთა მსოფლიოს ჩემპიონ ბეკხან გოიგერეევთან შეხვედრა 6-6 დაასრულა, თუმცა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, გამარჯვება რუს ფალავანს მიანიჭეს. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელი ახმედ გვარზატილოვი დაძაბურ პაექრობაში 10-9 დაამარცხა.

დავით მარსაგიშვილი (86) ხინჩეგაშვილის მსგავსად, ნახევარფინალში 4-4 ფრეზე აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან დამარცხდა, მანამდე კი გაბონელი ინტიპე ქუინტინო 14-1, ბელარუსი დენის ხრემენკოვი 11-0 და ირანელი ალირეზა კარიმიმაჩიანი დამაჯერებლად 10-0 დაამარცხა, მესამე ადგილისათვის კი რუს ხაბი ხაშპაკოვს 6-0 სძლია.

ელიზბარ ოდიკაძემ (97) ამერიკელი კევიდ გადსონი 7-2 და ყაზახი მამედ იბრაგიმოვი 4-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბელარუს ივან იანკოვსკისთან 4-5 წააგო. ბრინჯაოსთვის მან გერმანელი გენადი გუდინოვიჩი 10-0 გაანადგურა.

გუნდს მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი იყო, მწვრთნელები კი ალეკო კახნიაშვილი, დავით პოღოსიანი, ემზარი ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29931″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button