ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების კატასტროფული ვარდნაა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%-ით შემცირებას კატასტროფული ვარდნა უწოდა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი განცხადება მოჰყვა „საქსტატის“ მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს, რომელთა თანახმად, წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 175 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 34%-ით ნაკლებია.

ჯაფარიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ექსპორტის შემცირებასთან ერთად სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაა, რაც „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ზურაბ ჯაფარიძე გამოსავლად მიიჩნევს ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაწესებას, მთავრობის ხარჯების და გადასახადების შემცირებას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას. ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ შექმნილ “ახალ პოლიტიკურ ცენტრს” უკვე მზად აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებასა და საშემოსავლო გადასახადის 15-%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button