კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაცვლად, 109- ე მუხლით გათვალისწინებულ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ბრალდებულის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განმარტებით, დეტალების მედიასთან გასაჯაროება ბრალდებულის თანხმობის გარეშე არ სურს.

” საქმის მასალებს, ბუნებრივია, ვიცნობ. თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი ოჯახის თანხმობის გარეშე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”- განაცხადა ბერიანიძემ.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს გარდაცვლილი დირექტორის, ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრები, ბრალდებულისათვის ბრალის დამძიმებას ეთანხმებიან. მოკლულის ბიძაშვილის, აკა საჩიშვილის განმარტებით, საქმის ამჟამინდელი კვალიფიკაცია, სწორია.

” თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება”- განაცხადა საჩიშვილმა.

საქმის ახალ კვალიფიკაციას ეთანხმება, მკვლელობის ერთ- ერთი მთავარი მოწმე, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილიც.

“გაუთქმელობის ხელწერილზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რაც იქ მოხდა, ჩემს ჩვენებაში ეგ არის აღწერილი და რა ქმედებაც განხორციელდა, ზუსტად ისე დააკვალიფიცირა გამოძიებამ”- განაცხადა ბერძენაშვილმა.

მკვლელობის საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე გადაეცა. წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს არის ჩანიშნული.

მკვლელობა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა.
თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევის დროს, მსუბუქად დაიჭრა, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბეძენაშვილიც. ავტომანქანაში იმყოფებოდა, მესამე პირიც, რომელსაც დაზიანება არ მიუღია.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა სუფრასთან ურთიერშელაპარაკებას მოჰყვა.

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 117- ე მყხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და სხეულიგანზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგვიანებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქმედება 109- ე, დამამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, 11- დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, საქმეზე ვადის გახანგრძლივების შესახებ, სწორედ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, რადიო ჰერეთი უკვე წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button