მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბიშვილი: მივიღეთ ევროკაშირისგან კითხვარი, რომელსაც არ ველოდდით წლები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირიდან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებულ კითხვარს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან დღეს უწოდებს. მან დღეს, 11 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ამ საკითხს უნდა მიუდგნენ სრული სერიოზულობით და ისაუბრა ამ პროცესში გაერთიანებაზე, რადგან ესაა ეროვნული ინტერესი.

ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალაბათ რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა,

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კითხვარის მიღება არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა, რისთვისაც უნდა “ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალაბთ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა. დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე „კი-ს“ და „არა-ს“ პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა. აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვარი, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პირადად გადასცა.

ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. ამის შემდგომ პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურამ ერთად უნდა იმუშაოს და პასუხი გასცეს კითხვებს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას და გადასცემს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს, ევროპულ საბჭოს. სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოვასა და საქართველოსთვის კითხვარის გადაცემას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს:

“მოლდოვასა და საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯია. რუმინეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ დავრხმარებით, რათა ეს პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს. მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი მალე გაეცეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, თუ რა არის ამ პროცესის საბოლოო ვადა, რადგან როგორც ჩვენ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, ეს არის პროცესი, რომელიც საფუძვლიან პროგრესსა და მუშაობას მოითხოვს ამ საკითხებზე. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს სამი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას და ძალიან მოხარული ვარ, რომ მოლდოვა და საქართველო კითხვარს მიიღებენ,”– აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ურჩევს კოპენჰაგენის კრიტერიუმები შეასრულონ:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. 1993 წელს, ჩვენ დავამტკიცეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ, მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ ეს კრიტერიუმები. ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი ევროპული ოცნება განხორციელდეს. დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ეკუთვნოდეს ევროპის ქვეყნებს და დემოკრატიებს. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ თუ გსურს გახდე კანდიდატი ქვეყანა, უნდა შეასრულოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი დემოკრატიის, თქვენი კანონის უზენაესობის სისტემის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის ფუნქციონირების ყველა ასპექტი. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი​ იეპე კოფოდი.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ გეოპოლიტიკური რეალობის შესაბამისად ვმოქმედებთ, რომელიც დღეს არსებობს. კომისია შესაბამის წინადადებებს წარადგენს და ნიდერლანდები მათ განხილვაში აქტიურად იქნება ჩართული,”- აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოფკე ჰოეკსტრა.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა ლუქსემბურგში, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ხელისუფლება მობილიზებულია, რომ ბრიუსელში შევსებული კითხვარი უმოკლეს ვადაში გაიგზავნოს. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის (Strategic Compass) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორია, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი ეფექტურ პლატფორმად რჩება და მნიშვნელოვანია შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ მის ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

კითხვარის შინაარსი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომლის დადებითი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა უნდა გახდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, როდესაც კითხვარზე მოუწევს პასუხების გაცემა: საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის.

“ის, რომ “ქართული ოცნება” ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს ძალიან საეჭვოა. ხალხი, რომლებსაც იმის ეშინიათ, რომ ჩავიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც ევროკავშირის ლიდერები არიან ჩასულები, ვფიქრობ, ეს ადამიანები ძალიან რთულ ვითარებაში იქნებიან, როდესაც ამ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ნონა მამულაშვილი.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი კი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და ის შეაფასებს თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ დღემდე აღებული ვალდებულებები.

“დოკუმენტს ჰქვია კითხვარი, მაგრამ ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ ის ვალდებულებები, რაც დღემდე ჰქონდა აღებული და რამდენად მზად არის სახელმწიფო იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის იმედიანი განწყობა აქვს:

“ევროკავშირში ინტეგრაცია არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის რეფორმირებას ძალიან ბევრი მიმართულებით. იმისათვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, რაც გულისხმობდა ამ სამი ქვეყნის პოლიტიკურ ასოცირებას ევროკავშირთან, 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებებს. 2014 წლიდან ამ შეთანხმებებს ვახორციელებთ და ეს არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვაძლევს უფლებას გვქონდეს იმედიანი განწყობა”- აღნიშნავს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button