მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ვიზიტებზე საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გააკეთა. პრეზიდენტი გამოეხმაურა სახელისუფლებო რგოლის კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხი იყო ის, რომ “მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად”.

პრეზიდენტის განცხადებით ეს კომენტარები არ აძლევს საშუალებას, დღეს ეფექტურად დაიცვას ქვეყნის კანდიდატურა.

“მე ვიმყოფები ბრიუსელში, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა.

მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი. მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისათვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

მან 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button