ზვარეში გაფიცული მუშები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
დღეს თბილისში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში გაფიცული 40 მუშა გეგმავს.
გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების წესების დაცვას ითხოვენ, თუმცა ჩინური კომპანია გაფიცულ მუშებთან დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის.
გუშინ გვიან ღამით დამსაქმებელ კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორს შორის გამართულმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.
სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს.
შეგახსენებთ უკვე მე-12 დღეა ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ.
დღესვე ასევე სოფელ ქვიშხეთში ჩინური კომპანიის საწარმოს 60-მდე მუშა, იგივე პირობების მოთხოვნით გაიფიცა.