1 იანვრიდან ენგურის ხიდს გალელები მხოლოდ ფორმა №9-ით ვერ გადაკვეთენ-გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია

1 იანვრიდან ენგურის ხიდს გალელები მხოლოდ ფორმა №9-ით ვერ გადაკვეთენ-გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “ფორმა №9”-ის მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვარს იწურება და ამ მომენტიდან ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტით დე ფაქტო საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ, – განაცხადა “გალ ტევესთან” გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჯამბულ კორტავამ.
“გალელებისთვის, რომლებსაც ჯერ არ წარუდგენიათ განაცხადი ბინადრობის მოწმობაზე ან აფხაზეთის მოქალაქეობაზე, აუცილებელია, ეს სასწრაფოდ გააკეთონ. დოკუმენტის გახანგრძლივებისთვის კი გალის ადმინისტრაციამ აფხაზეთის მთავრობას უნდა მიმართოს” – აღნიშნა მან.
კორტავას განმარტებით, “ბინადრობის მოწმობის” მისაღებად ადამიანი სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. “შემდგომში მხოლოდ ასეთ პირებს შეუძლიათ, იქონიონ პრეტენზია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებაზე, მაგრამ აფხაზური პასპორტის მისაღებად აუცილებელ პირობას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა წარმოადგენს”, – დასძინა მან.
ცნობისთვის,ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის გალის რაიონში 30 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, მათგან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ე.წ. “ფორმა №9” გააჩნია, “აფხაზეთის მაქალაქის” პასპორტი კი – მხოლოდ 1049-ს, 19 000-ს ე.წ. ბინადრობის მოწმობა აქვს გაფორმებული.
ჯერ კიდევ,2014 წელს აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში გალელების ე.წ.”უკანონო პასპორტიზაციის” თემა ამოტივტივდა, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.
გალელებს აფხაზური “მოქალაქეობა” გაუუქმეს. დაიწყო ახალი “პასპორტიზაცია”, თუმცა პროცესი წლობით გაჭიანურდა, მათ შორის – საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის სავალდებულო პირობის გამო. მოსახლეობის მიერ აფხაზური “მოქალაქეობის” არქონის მიზეზით 5 წლის განმავლობაში გალის დე ფაქტო რაიონული საკრებულოს არჩევნები არ ტარდებოდა, ვინაიდან ხმის მიცემის უფლება მხოლოდ “მოქალაქეებს” შეეძლოთ.