100-ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერები ვეტერანებს პრეზიდენტისგან
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100-ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ზურაბიშვილმა ვეტერანებს მისალოცი წერილიც გაუგზავნა.
“დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს!
იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების – მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.
ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.
თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!” — ნათქვამია ზურაბიშვილის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.
დღეს, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისა, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისს მიიჩნევს, რადგან სწორედ ამ დღეს გამოაცხადა გერმანიამ კაპიტულაცია. 9 მაისი კი, საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული დღესასწაულია, რადგან სწორედ ამ დღეს, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმით აღნიშნეს გამარჯვება.