მედპერსონალი 6 თვის აუღებელ ხელფასებს ითხოვს
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა) თანამშრომლები რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. მედიკოსების და თანამშრომლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა, სადაც ითქვა, რომ 6 თვის ანაზღაურება არ აუღიათ. მედიკოსები საავადმყოფოს დირექტორის გადადგომასაც ითხოვენ.
„ჩვენი კლინიკის დირექტორს ვთავაზობთ, გადადგეს. გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომლითაც მას მივმართეთ: ვინ არის კლინიკის ინვესტორი, ან რა მოელის აქ არსებულ რადიოაქტიულ მასალებს. ის ყველაფერზე გვცემს პასუხს, რომ არ იცის. ეს ნიშნავს, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა.” – წერია განცხადებაში, რომელიც მედიკოსებმა დღეს გამართულ აქციაზე წაიკითხეს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 25 მაისს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.
„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში, დავალიანება სრულად ანაზღაურდება.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.