ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა

ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
ამ დროისთვის დახმარება 20-მდე მოქალაქეს გაეწია.
მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
ამასთან თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე “პუბლიკის” ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ლიკა ზაკაშვილი დაშავდნენ. დაშავებულების ფოტოებს თავად გამოცემა ავრცელებს.
პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად შედეგად რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის “კურიერის” ჟურნალისტი, ასევე დეპუტატი ანი წითლიძეც. ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს. გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში მუშტს ურტყამს ერთ-ერთ დემონსტრანტს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენეს.
ამასთან, სპეცრაზმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ.
სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო განლაგებული, ამ დროისთვის პარლამენტის შენობის უკანა მხარეს გადაიყვანეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან საპატრულო პოლიცია განლაგდა.
მანამდე კი, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. სწორედ ამის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვა. ისინი მოქალაქეებმა შემდეგი შეძახილებით გააცილეს: “მონებო, წადით! წადით!”
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
იმავე ადგილას კიდევ რამდენიმე დემონსტრანტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.